დღეს, მოძრაობა „ხალხისთვის“ ერთი წლის გახდა. ამ ერთი წლის განმავლობაშიც კი, როდესაც პანდემიამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ ხალხისთვის ბევრი მტკივნეული საკითხი: დაწყებული აზარტული თამაშების პეტიციაზე ათი ათასი ხელმოწერით, რომელიც გარე რეკლამის მოხსნის და ამ თემაზე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის საფუძველი გახდა, დასრულებული წყლის უფლებისთვის ბრძოლით, რა დროსაც მერიასა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე წნეხით, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, მაგ: სამგორის რაიონში. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ არსებობს სახალხო დაკვეთა დამოუკიდებელ და მებრძოლ ხმაზე ქართულ პოლიტიკაში. პოლარიზებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი პოლიტიკური ელიტა ვერ წყვეტს უმთავრეს ამოცანას: პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ხალხის პრობლემები და ქვეყნის განვითარების ამოცანები. პოლიტიკური კრიზისის პირობებში დღის წესრიგის მიღმა მთლიანად დარჩა მთავარი: ჩვენი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისა და მისი სწრაფი განვითარების ამოცანა.

ამიტომ გადავდივართ პოლიტიკური მოღვაწეობის ახალ საფეხურზე – ვქმნით სრულიად ახალი ტიპის პარტიას – „ხალხისთვის“.

„ხალხისთვის“ არის ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, სადაც მთავარი ფასეულობაა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა, სადაც თითოეულ ადამიანს უწევს ფიქრი არა გადარჩენაზე, არამედ განვითარებაზე.

ჩვენ ვირჩევთ მმართველობის ისეთ გზას, სადაც სოციალური თანასწორობა არის სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი იდეა, სადაც შიმშილი არ იქნება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა და თითოეულ ოჯახზე ზრუნვა იქნება არა მოვალეობა, არამედ გააზრებული პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე.

ჩვენ გვჯერა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის და გვწამს, რომ შეგვიძლია ავაშენოთ კეთილდღეობის სახელმწიფო.

ამიტომ ვერთიანდებით შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირები, ვინც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებულნი ვართ, ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ჩვენ ხედვებს, სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ წინ  წასვლას მთავარი  მიზნის და ხალხის დაკვეთის შესასრულებლად.  

მეგობრებო!

ერთი წამით   მიმოიხედეთ  თქვენ გარშემო. მოგწონთ  ის, რასაც ხედავთ? ეს არ  არის ის ქვეყანა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი მშობლები, ბებია – ბაბუები. ეს არ არის ქვეყანა, რომელსაც სიამაყით  დავუტოვებთ  ჩვენს შვილებს.

პოლიტიკა, რომელიც სჭირდება სასურველი ქვეყნის შექმნას, არის პოლიტიკა ხალხისთვის და არა პოლიტიკა ერთი, პატარა ჯგუფის ინტერესებისთვის. დღევანდელი პოლიტიკით ჩვენ განწირულნი ვართ დავრჩეთ განვითარებად სახელმწიფოდ.

გთავაზობთ გაერთიანებას რათა ერთად შევქმნათ სამართლიანი და პერსპექტიული გარემო, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზებას.

გთავაზობთ ქვეყნის განვითარების ხედვის თეზისებს.

  1. საქართველომ უნდა გააკეთოს ეკონომიკური ნახტომი

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოტენციალით შესაძლებელია ეკონომიკური ნახტომის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ შევქმნათ დოვლათი და შემდეგ სამართლიანად გადავანაწილოთ.

ჩვენ ხელგვეწიფება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.  ჩვენ ხელს შევუწყობთ  აქტიურ  საინვესტიციო  პოლიტიკას და საქართველოში საწარმოების გახსნას. შევქმნით უნიკალურ შესაძლებლობებს საქართველოში ინვესტირებისათვის. ჩვენ, წავახალისებთ იმპორტის ჩანაცვლებას ეროვნული პროდუქტით. ჩვენ შევქმნით პირობებს ცოდნის ეკონომიკის განვითარებისათვის.

ჩვენ, განვაგრძობთ  ბრძოლას მონოპოლიებთან და მაფიოზურ ჯგუფებთან. ჩვენ ვიქნებით ყველა, საშუალო  და მცირე მეწარმის ზურგი. ჩვენ გავაძლიერებთ საშუალო კლასს. ადგილობრივი წარმოების გარეშე სწრაფად ვერ შევძლებთ შევუერთდეთ განვითარებული სახელმწიფოების რიგებს.

ჩვენ, წავახალისებთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სოფლის მეურნეობაში, კოოპერატივებს და ჩვენი პროდუქციის ექსპორტს. სოფლის მეურნეობა ვერ  განვითარდება, თუ  არ  მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ყველა ოჯახში არ  იყოს წყალი. ჩვენ, დავუპირისპირდებით მაფიოზურ ჯგუფებს, რომლებიც ხელს უშლიან დოვლათის მისვლას ფერმერებამდე.

21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი შემოსავალი აქვთ ქვეყნებს, რომლებიც სწორ  იდეებს აწარმოებენ.  ჩვენ ნამდვილად  შეგვიძლია არ ვიყოთ  სეზონურად დასაქმებული მუშახელის ქვეყანა, არამედ,  გავხდეთ  ცოდნის წარმოების ეპიცენტრი. 21-ე საუკუნის ეკონომიკა აგებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ჩვენი ამოცანაა, ტექნოლოგიების მიერ შექმნილი კეთილდღეობა მივიდეს ყველა ოჯახში.

უცხოეთში გაედინება ჩვენი ადამიანური კაპიტალი, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა გადაიბარონ ეს ქვეყანა. ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას, რომ  მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში მიეცეთ თვითრეალიზების ასპარეზი. ჩვენ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც გაიზრდება ყველა ჩვენთაგანის პროდუქტიულობა.

ჩვენ, ვიქნებით სახელმწიფო  სტრუქტურების მოდერნიზაციის ფლაგმანი საქართველოში. სველი ბეჭდის დრო უნდა დასრულდეს.

2. სახალხო პოლიტიკა და კარგი მმართველობა

მურუსიძის სასამართლოს ქვეყნიდან უნდა გავხდეთ  ილია ჭავჭავაძის სასამართლოს ქვეყანა. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველოში ყველას ჰქონდეს უზრუნველყოფილი სამართლებრივი უსაფრთხოება. მოქალაქის მიერ სასამართლოზე დაკაკუნებული კარი უნდა გაიღოს.

კორუფცია, ნეპოტიზმი,  და კაბინეტებში ჩაკეტილი ჩინოვნიკები აფერხებენ ქვეყნის განვითარებას. მათ არ ესმით ხალხის პრობლემები.  ჩვენი დღის წესრიგი იქნება სახალხო პოლიტიკა, სადაც გამჭვირვალობა და სახალხო ჩართულობა პრიორიტეტია.  

განვითარების ერთ-ერთი მთავარი მტერია კორუფცია. ქვეყნის კორუფციული ჭაობიდან დახსნა იქნება ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. დღეს, ქვეყანა იმართება კერძო ინტერესებით, როცა მდიდრდება მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული ვიწრო ჯგუფი. კორუფცია არ აძლევს საშუალო ფენას განვითარების საშუალებას. ჩვენ ვუცხადებთ ომს კორუფციას.

3. ქვეყნის გამთლიანება და აქტიური დეოკუპაცია

ხელისუფლების უნიათობის დამსახურებით ოკუპაციამ ომის შემდეგ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია. საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოვარდნილია ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი.  საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებით და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობით ჩვენ უნდა შევძლოთ აქტიური დეოკუპაცია.

4. ევროინტეგრაცია, როგორც კეთილდღეობის შექმნის საშუალება

ჩვენ, უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ ამას მივაღწევთ საერთაშორისო მხარდაჭერის გაღვივებით, ევროინტეგრაციული გეგმების სწრაფი შესრულებით და იმ პოტენციალის სწორად გამოყენებით, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აქვს. ჩვენ ვიმსახურებთ ქართულ-კულტურულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ევროპული დონის ცხოვრებას.  

5. ჩვენ გვჯერა სოლიდარობის

ჩვენი ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს ერთიანად  და არა მხოლოდ  ელიტებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობა. ჩვენ შევქმნით სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობებს და ვაცხადებთ ომს შიმშილთან. ჩვენ დავნერგავთ მიდგომას “მხარი მხარს” – ღირსეული პენსიებისთვის, დავწევთ  საპენსიო სესხს,  დავუნიშნავთ  სტიპენდიას მარტოხელა მშობლებს, დავარეგულირებთ  აზარტულ თამაშებს… 

6. ევროპული ხარისხის განათლება – ჩვენ უნდა შევქმნათ „ოქროს რეზერვი“

სირცხვილია, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიდან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 1000-ეულ სიაში ვერც ერთი ხვდება.  ჩვენი ახალგაზრდები უნდა ვითარდებოდნენ მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებით. მასწავლებლები და ლექტორები ღირსეულად და დაფასებულად უნდა გრძნობდნენ თავს, რომ შეძლონ თვითგანვითარება და მომავალი თაობების ჩამოყალიბება. ჩვენ შევქმნით სისტემას, სადაც იქნება ხელმისაწვდომობა ხარისხიან საბავშვო ბაღებზე, სკოლებზე, უმაღლეს სასწავლებლებზე; სადაც თანხვედრაში იქნება ეკონომიკური ნახტომის ამოცანა და განათლების სისტემა; ჩვენ განვავითარებთ პროფესიულ სასწავლებლებს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება მეცნიერების ხელშეწყობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს განვითარებული მსოფლიოს ნაწილი.

7. ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის

დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა ვერ პასუხობს დასახულ ამოცანებს. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდით და დროული კვლევების ხელშეწყობის საშუალებით ჩვენ ვიზრუნებთ პრევენციაზე.  კარტელებთან და კორუფციასთან  ბრძოლით ჩვენ ხელს შევუწყობთ კონკურენციას, ხარისხიან მომსახურებას და ხელმისაწვდომობას, მათ შორის წამლების. ჩვენ გავაძლიერებთ დამოკიდებულებებთან ბრძოლის სისტემას (ნარკომანია, ლუდომანია) და  სოციალურ სამსახურს, რეაბილიტაციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემებს. 

8.    ადამიანის უფლებები  

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს ადამიანის უფლებები, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, როგორიცაა: შრომის უფლება, საცხოვრებლის უფლება, საკუთრების უფლება…

21-ე საუკუნეში, საქართველოში ქალებს არ უნდა უწევდეთ მუქარის, შანტაჟის, თვალთვალის და ძალადობის დაძლევისთვის ბრძოლა.   ჩვენ ვიბრძოლებთ ქალთა თანასწორობისთვის.

ჩვენი მთავარი საზრუნავია მომავალი – ბავშვი; მიდგომით „მომავალი ჩვენია“ ჩვენ ვიზრუნებთ ბავშვების განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე.

9. კულტურის დაცვა და განვითარება

ჩვენ მივიჩნევთ, რომ კულტურა და შემოქმედება არის ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი წყარო. ამავდროულად ჩვენ დავიცავთ ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას  და დავეხმარებით მსოფლიო ასპარეზზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის.

10.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემო  – ეკონომიკური განვითარება თანხვედრაში უნდა იყოს გარემოსთან. ჩვენი არჩევანია მწვანე ეკონომიკისკენ სწრაფვა და ეკოლოგიური სამართლიანობა.

ჩვენი თანამოქალაქეები  არ უნდა იხოცებოდნენ გზებზე, მშენებლობაზე, წყალში …

ჩვენ გავატარებთ უსაფრთხო  გზების და უსაფრთხო გარემოს პოლიტიკას.

ჩემო მეგობრებო,

სინამდვილეში, თუ  კარგად  დავფიქრდებით, ჩვენ შეგვიძლია უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობა. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა შევქმნათ  პოლიტიკა ხალხისთვის.

ჩვენ ვიქნებით ამ პოლიტიკის მუხტი საქართველოში.

ფასეულობები

  • პატრიოტიზმი
  • სამართლიანობა
  • გამბედაობა
  • პატივისცემა
  • მიზანსწრაფულობა
  • პასუხისმგებლობა
  • სოლიდარობა
  • თანასწორობა